პიესის ავტორი - ნიკოლოზ საბაშვილი
თოჯინების ავტორი - ბახვა წერედიანი
რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი, ბახვა წერედიანი
მუსიკალური გამფორმებელი - არჩილ იმნაძე
მხატვარ-შემსრულებლები - ვლადიმერ მელცერი, ნაირა ტკაჩენკო, ნელი კანტიძე, ბადრი გონაშვილი
მონაწილეობენ: ბაქრაძე თამთა, ბაქრაძე თათია, ბეკოშვილი დავით, ბერიძე დავით, კაციაშვილი ლევან, მიქელაძე რამონა, ნავაძე რატი, ნატროშვილი ნინო, პაპიაშვილი ნინო, ღონღაძე გიორგი, შეშაბერიძე ნათია, ძაგნიძე მარიკა, ხაზიური ხატია, ხმიადაშვილი ნათია.
,,ცირკი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორების, ნიკოლოზ საბაშვილისა და ბახვა წერედიანის ერთობლივი ნამუშევარია. წარმოდგენა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს, სადაც მოქმედი პერსონაჟების უმრავლესობა მარიონეტების სახით არიან წარმოდგენილნი.
სიუჟეტი ერთი პატარა ქალაქის გამორჩეული ჯამბაზის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი პროფესიული ოსტატობით ხიბლავს თანაქალაქელებს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქი ჩვეულ რიტმში განაგრძობდა ცხოვრებას და ჯამბაზიც ხალხისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ორიგინალური საცირკო ნომრებით გამოხატავდა. ერთ დღესაც ჯამბაზის ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. მის ცხოვრებაში გაჩნდა ლამაზი, ვირტუოზული მონაცემებით გამორჩეული გოგონა, რომელიც შეუყვარდა. ცირკის დირექტორის გადაწყვეტილებით გოგონა ცირკში მიიწვიეს, ჯამბაზი კი ცირკის მიღმა აღმოჩნდა და მისი სახელიც ნელ–ნელა დავიწყებას მიეცა. მალევე დაირღვა მშვიდი ცხოვრების რიტმი, ქალაქს მონსტრები შემოესივნენ, მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა, დაცარიელდა ცირკის არენა და ირგვლივ ყველაფერი უძრაობამ მოიცვა. ამ დროს კი ყველასგან მივიწყებულმა ჯამბაზმა გადაწყვიტა თავისი ხელოვნებით დახმარებოდა ოთახებში გამომწყვდეულ თანაქალაქელებს. აქ გზით მან დაიბრუნა ძველი დიდება და რაც მთავარია საყვარელი გოგონა.
სპექტაკლში მიზანსცენათა სინქრონული მონაცვლეობა მოქმედების განვითარების ერთიან ლოგიკას მიჰყვება, რაც დასასრულს სიკეთისა და სიყვარულის მაღალზნეობრივ იდეალებს გამოხატავს.
*წარმოდგენა რეკომენდირებულია პატარებისთვის 6 წლიდან და უფროსი თაობის მაყურებელთათვის.