

საქართველოს პროფესიულ სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს. ,,სალამურა“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა არჩილ სულაკაურის ნაწარმოების - ,,სალამურას თავგადასავალი“ საფუძველზე განახორციელა. ინსცენირების ავტორი ელენე შალუტაშვილი.ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, მხოლოდ ზღაპრული თავგადასავალი არ არის. ლიტერატურული პირველწყარო და შესაბამისად სპექტაკლიც მოგვითხრობს ამბავს სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.
რეჟისორი ქმნის ფერადოვან ზღაპრულ სამყაროს, სადაც რეალური, ცხოვრებისეული პრობლემებიც იკვეთება. სიკეთისა და ბოროტების, თავისუფლებისა და უსამართლობის, სიკეთისა და ანგარების ამსახველი, იუმორით გაჯერებული სცენების მონაცვლეობას მეზღაპრის მხატვრული პერსონაჟი განსაზღვრავს. მოქმედების ცენტრში სალამურას გამორჩეული, კეთილი და გულწრფელი ფერსონაჟი დგას, რომელიც საინტერესო და სახიფათო თავგადასავლების გზით ცდილობს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობას. მაყურებელიც თანამონაწილეა ამ საინტერესო და სახიფათო თავგადასავლებისა, რომელი თავგადასავლებიც სავსეა მოულოდნელი შეხვედრებით, დაბრკოლებებითა და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. დასასრულს რა თქმა უნდა სიკეთის, სიყვარულისა და ერთგულების მაღალზნეობრივი იდეალები იმარჯვებს. თანმიმდევრულად ვეცნობით ციცინათელების მწყემსი ბაიას, მეფის, დედოფლის, მეფისწულის, ვეზირების, სირბილას, ალეჰოპისა და მიდიმოადეს პერსონაჟებს, რომლებიც მკვეთრად გამიჯნული, ურთიერთ საპირისპირო მხატვრული შტრიხებითა და ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან. საბოლოოდ სალამურა დაიხსნის მეფის კარზე დატყვევბულ ბაიას, რაც ბოროტების საპირისპიროდ სიკეთისა და სიყვარულის ძალის მარადიულ უპირატესობაზე მიგვანიშნებს.
სპექტაკლი გამოირჩევა დახვეწილი მხატვრული გაფორმებით - (მხატვარი ვახტანგ ქორიძე), მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებებითა და სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის შექმნილი ორიგინალური მუსიკალური - ( კომპოზიტორი მერაბ სვირავა) გაფორმებით. ასაკობრივი კატეგორიის თვალსაზრისით სპექტაკლი გათვალისწინებულია ოთხ წელზე ზემოთ ნებისმიერი ასაკის მაყურებელთათვის.