

სეზონის გახსნისთვის, თეატრი „ჰარაკი“ ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლით ბრუნდება! სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ 9 სექტემბერს, გთავაზობთ „პათეტიკური მონოლოგების“ განსაკუთრებულ გამოშვებას - სცენაზე სპექტაკლის კომპოზიტორი, დავით ხორბალაძე, შემოგვიერთდება და ცოცხალად შეგვისრულებს სპექტაკლის მუსიკას!
პიესა „პათეტიკური მონოლოგები“ ახალგაზრდა მწერლის, დრამატურგისა და მსახიობის, თემო რეხვიაშვილის პიესაა, რომლის მოქმედებაც თავად თეატრში, ყველასთვის საკმაოდ ნაცნობი სცენარით ვითარდება. გარდაცვლილი მსახიობის პანაშვიდზე თეატრში მოსული მისი კოლეგები სიტყვით გამოდიან, სცენაზე თამაშდება სცენები სპექტაკლებიდან, აჩვენებენ ფილმებს გარდაცვლილის მონაწილეობით. წარმოთქმული მონოლოგების სახით ჩვენ თვალწინ იშლება როგორც მთავარი მოქმედი გმირის, გარდაცვლილი მსახიობის, არჩილ ქიაჩელის, ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ადამიანური წუხილები და პრობლემები, ასევე ქართული თეატრალური სამყაროც. ავტორი თავისთვის ჩვეული იუმორითა და ენამახვილობით შეზავებული თხრობის სტილით ცდილობს დაგვანახოს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანის განცდები, ფიქრები და ყოველდღიურობა, მოხაზოს ის ყოფითი, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გარშემო არსებობს.
მონაწილეობენ: ვანო თარხნიშვილი, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ნატალია გაბისონია, სოფიკო გვიმრაძე, ლაშა-გიორგი ლაშხი, გვანცა ენუქიძე
რეჟისორი: ილია ქორქაშვილი
ავტორი: თემო რეხვიაშვილი
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
კომპოზიტორი: დავით ხორბალაძე
პროდიუსერები: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი
განათება: აჩი არგანაშვილი
ხმა: საბა ფადიურაშვილი
კარის გაღების დრო: 19:30
ხანგრძლივობა: 180 წთ (ორ მოქმედებად)
ასაკი: 16+