

რეჟისორი: იარდენ გილბოა
ვიზუალური ენა და თოჯინების თეატრი: ჯეკი პერლი
რეკვიზიტი და სცენოგრაფია: ტალ შარირი
განათების დიზაინი: დან გლეზერი
მუსიკა: იან კოგანი
მონაწილეობენ: დანა კეილა, ავი გოლომბი და როტემ გავრიელ იცჰაკი
წელს ფესტივალი წარმოგიდგენთ ალტერნატიული თეატრის აკოს საერთაშორისო ფესტივალის (Akko Festival) ტრიუმფატორს - სპექტაკლს, რომელმაც 2025 წელს 6 სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება!
მოსიყვარულე ქალი მიემგზავრება გზაზე, რათა წამალი მოუძებნოს ქმარს, რომელიც ომიდან პირქუში, გაუცხოებული და შეცვლილი დაბრუნდა. ძენის უძველესი იგავითა და მინიმალისტური იაპონური თოჯინური თეატრის ესთეტიკით შთაგონებული ეს ამბავი სცენაზე გულწრფელი, ადამიანური იერით ცოცხლდება.
ზღაპრის მიღმა მაყურებლის წინაშე მსახიობ დანას რეალური, პირადი დრამა იშლება: მისი პარტნიორი გაბრიელი თავად არის საბრძოლო პოსტტრავმული სინდრომის მქონე ვეტერანი, რომელიც წარმოდგენის დროს დარბაზში, მაყურებელთა შორისაა. ეს არის იშვიათი და უმძაფრესი თეატრალური კვლევა მეორადი ტრავმის შესახებ - იმ უხილავ, მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთზე, რომელსაც ომგამოვლილი ადამიანების ახლობლები ყოველდღიურად ატარებენ.