თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრო მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალს სტუმრებენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები და სპეციალისტები. ამ 9 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში უკვე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა და ანსამბლმა გამართა კონცერტი, მათ შორის არის: ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.
ფესტივალი, 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა.
რიგით მე-9 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, 10 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდება: 10 ნოემბერს, ფესტივალს ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გახსნის, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელების წინაშე, ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი (ხელმძღვანელი - ლიანა ჭონიშვილი) და გერმანელი დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი წარდგებიან, კონცერტის პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, ხოლო მეორე განყოფილებაში, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდება; 15 ნოემბერს, როგორც საორკესტრო, ასევე საოპერო მუსიკა აჟღერდება კონცერტზე - Opera Gala, სადაც აზერბაიჯანელი სტუმრები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და ეიუბ გულიევი (დირიჟორი) მონაწილეობენ; 24 ნოემბერს განსაკუთრებული საღამო გველოდება, „საქართველოს სინფონიეტა“, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ზურა ბალანჩივაძესთან (მთხრობელი) ერთად სპეციალურად ბავშვებისთვის გამართავენ კონცერტს - „ბაროკო ბავშვებისთვის“; 27 ნოემბერის კონცერტი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის, გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმობა, სადაც გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი იორგ ჰალუბეკი, „საქართველოს სინფონიეტას“ სოლისტებთან ერთად ტელემანის მუსიკას შემოგვთავაზებენ; ფესტივალი საზეიმოდ, 30 ნოემბერს დაიხურება და დასკვნით კონცერტზე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, გერმანიიდან ჩამოსულ სოლისტებთან: ქრისტინე ბუშთან (ვიოლინო) და იორგ ჰალუბეკთან (კლავესინი) ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის მუსიკას შეასრულებენ.
საფესტივალო კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდება, დასაწყისი 19:30.