

რელიგიის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, შედის სსიპ აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში და წარმოადგენს ერთადერთ რელიგიის მუზეუმს საქართველოში. 2023 წელს განხორციელებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მუზეუმი სრულიად განახლებული ინტერიერითა და მდიდარი ექსპოზიციით გაიხსნა.
აჭარის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მოექცა ცივილიზაციათა, იმპერიათა და კულტურათა გზაჯვარედინზე. მუზეუმი სწორედ ამ მდიდარ მულტიკულტურულ ისტორიას, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და ადგილობრივ ტოლერანტულ ტრადიციებს ასახავს.
მუზეუმში წარმოდგენილია წარმართულ პანთეონთან დაკავშირებული არქეოლოგიური არტეფაქტები, იუდაიზმის, ბუდიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის სარიტუალო ნივთები, წიგნები და სასულიერო პირთა შესამოსლები, უნიკალური ხატწერის ნიმუშები, ქანდაკებები და ბარელიეფები, XIX საუკუნის ბათუმის ურბანული განაშენიანების გეგმა და საკულტო ნაგებობების მაკეტები, საარქივო ფოტომასალა და უახლესი ისტორიის ამსახველი ნივთები.
მუზეუმში ექსკურსიები ტარდება ქართულ და რუსულ ენებზე. სივრცე აღჭურვილია QR-კოდებითა და ორენოვანი საინფორმაციო ტექსტებით. ექსპოზიციაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არტეფაქტების გაცნობა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნისა და კუთხის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, ტოლერანტულ ბუნებასა და მულტიკულტურალიზმს.
რელიგიის მუზეუმი მდებარეობს ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 593 99 27 91
სამუშაო საათები: ორშ-კვირა 10:00-18:00