

ნიკოლოზ რობაქიძის პიესა „დევნილთა უღელტეხილი“ შთაგონებულია გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების მოთხრობით. სპექტაკლი თანამედროვე ადამიანების ისტორიით იწყება: მეგობრები და ახლობლები ერთ სახლში იკრიბებიან, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში დროის გასაყვანად სამაგიდო თამაშის დაწყებას გადაწყვეტენ. თუმცა თამაში თანდათან იცვლის სახეს და მონაწილეები აღმოჩნდებიან სამყაროში, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა, ომი, დევნილობა და არჩევანის გაკეთება უწევთ.
თამაშის თითოეული ახალი ეტაპი მათ უფრო და უფრო უახლოვებს იმ რეალობას, რომელსაც თავიდან მხოლოდ წესების მიხედვით შექმნილ თავგადასავლად აღიქვამდნენ. მათ წინაშე დგება მძიმე არჩევანი - ვის დაეხმარონ, რა წაიღონ თან, როგორ გადალახონ უღელტეხილი და შეძლებენ თუ არა ყველა ადამიანის გადარჩენას. საბოლოოდ კი მაყურებლისთვისაც ბუნდოვანი ხდება ზღვარი თამაშსა და რეალობას შორის.
სპექტაკლის ცენტრში დგას დევნილობის გამოცდილება - სახლიდან მოწყვეტა, დაკარგული წარსული, ომის ტრაგედია და სამშობლოსთან დაბრუნების სურვილი. განსაკუთრებით მტკივნეულად იკვეთება ადამიანური ურთიერთობების თემა: ბავშვობის მეგობრები შეიძლება ომის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ხოლო უცხო ადამიანი ყველაზე რთულ მომენტში შეიძლება ყველაზე ახლობელი გახდეს.
„დევნილთა უღელტეხილი“ გვაფიქრებს ომის ფასზე, მეხსიერებაზე, ადამიანურ არჩევანსა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაკისრია. უღელტეხილი აქ მხოლოდ ფიზიკური გზა არ არის - ის იმ მძიმე გზის სიმბოლოა, რომლის გავლაც ადამიანებს ომისა და დევნილობის დროს უწევთ. პიესაში თავადაც ისმის კითხვა: რამდენი ხანია, რაც ეს უღელტეხილი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია და რამდენად შორს არის მისი დასასრული?
რეჟისორი - ენრი ვერულიძე
მხატვარი - სანდრო მარველაშვილი
კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა
რეჟისორის თანაშემწე - ინგა კაჭახიძე
მონაწილეობენ: ანა ზამბახიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, ლალი ღერკენაშვილი, ნიკა ხრიკული.