

კინოს ისტორიაში ოპერატორის როლი ხშირად სცდება გამოსახულების შექმნის ტექნიკურ მხარეს. კამერის ხედვა, სინათლე, სივრცე და კადრის კომპოზიცია არა მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრს გამოხატავს, არამედ დამოუკიდებელ მხატვრულ ენასაც ქმნის, რომელიც ფილმის აღქმასა და მის ემოციურ განზომილებას განსაზღვრავს.
2026 წელს ლეგენდარულ ქართველ კინოოპერატორს, ლევან პაატაშვილს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო პროგრამა „ოპერატორი ფოკუსში: პაატაშვილი 100“ მისი შემოქმედების ხელახლა აღმოჩენისა და იმ ვიზუალური სამყაროს გააზრების შესაძლებლობაა, რომელიც ქართული კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
პაატაშვილის ოპერატორული ხელწერა სივრცის, სინათლისა და მიზანსცენის ზუსტ აღქმას, გამოსახულების გამომსახველობით შესაძლებლობებსა და ფორმის ლაკონურობას ეფუძნება. მისი ნამუშევრები გვიჩვენებს, როგორ შეიძლება კამერა იქცეს არა მხოლოდ ამბის თხრობის საშუალებად, არამედ აზროვნებისა და სამყაროს აღქმის ინსტრუმენტად. ამასთან, მისი შემოქმედება ერთიანი სტილის ფარგლებს არ შემოსაზღვრავს თავს - ყოველი ფილმი ახალ ვიზუალურ ამოცანას, განსხვავებულ გარემოსა და დამოუკიდებელ მხატვრულ გადაწყვეტას გვთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმები ლევან პაატაშვილის შემოქმედების მრავალფეროვნებას წარმოაჩენს და გვთავაზობს, დავაკვირდეთ გამოსახულების მიღმა არსებულ გადაწყვეტილებებს: როგორ იქმნება კინოში სივრცე, რა როლს ასრულებს სინათლე და როგორ იძენს კამერის ხედვა ავტორულ მნიშვნელობას.
პროგრამა:
▪️ 28 ოქტომბერი, 20:00:
სხვისი შვილები (1958) 77’, რეჟ.: თენგიზ აბულაძე
▪️ 4 ნოემბერი, 20:00:
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) 98’, რეჟ.: ელდარ შენგელაია
▪️ 11 ნოემბერი, 20:00:
ნეილონის ნაძვის ხე (1985) 79’, რეჟ: რეზო ესაძე
▪️ 18 ნოემბერი, 18:30:
ერთი ცის ქვეშ (1961) 77’, რეჟ.: ლანა ღოღობერიძე
რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (1987) 76’, რეჟ.: ნანა ჯორჯაძე
პროგრამა საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციასთან (GCA) თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები კინომცოდნეებთან, ლევან პაატაშვილის მოსწავლეებსა და ფილმების ავტორებთან, რათა მისი შემოქმედებითი მეთოდი, გავლენა და მემკვიდრეობა სხვადასხვა პროფესიული და თაობათა პერსპექტივიდან განვიხილოთ.
ენა: ორიგინალი / ინგლისური სუბტიტრებით
➤ ბილეთების ფასი: 10 ლარი
*სტუდენტებისთვისა და მოსწავლეებისთვის 5 ლარი.
შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. შეძენის დეტალებზე დაუკავშირდით თეატრის გვერდს.
© ვიზუალური იდენტობა/ბრენდინგი: Mixed Feelings