Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. შენობა, სადაც 1994 წელს მუზეუმი განთავსდა, განეკუთვნება XX საუკუნის 50-იანი წლების არქიტექტურულ ნიმუშს.

მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის ფართო ათვისების, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიან შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ დასავლეთ საქართველოში (ქობულეთი, მახვილაური, ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, აჭარისწყლის ხეობა და სხვ.) ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი.

ექსპოზიციის უძველეს ნიმუშებს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში, კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომელთა თარიღი 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. გამოფენილი მასალის მიხედვით ჩანს, რომ აჭარის ტერიტორია ექცევა იმ არეალში სადაც დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყო მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა. მრავალფეროვანი მასალითაა წარმოდგენილი მომდევნო ენეოლით-ადრებრინჯაოს(ძვ.წ.V-III ათასწ.), განსაკუთრებით კი გვიანბრინჯაოსა და რკინის ადრეული ხანა(ძვ.წ.XV-VII სს)-აღიარებულია, რომ ჭოროხის აუზი მახლობელ აღმოსავლეთში წარმოადგენდა სამთო მეტალურგიის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს, კოლხური ტომობრივი კულტურის წარმოშობის ადგილს. სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება პოპულარული ბერძნული მითი არგონავტების შესახებ.

ანტიკურ სამყაროსთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, ბერძნული კოლონიზაციის, რომაული და ბიზანტიური ექსპანსიის შედეგების ამსახველია მუზეუმში დაცული ფიჭვნარში, აფსაროსში, მახოში, კაპანდიდში და ციხისძირში აღმოჩენილი იმპორტული და ადგილობრივი წარმოების სადა და მოხატული კერამიკა, ტერაკოტული ფიგურები, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ფერადი მინის ნაწარმი, რკინისა და სპილენძის ნაკეთობანი,სამკაულები დ.ა.შ.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი კი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უკავია, ადასტურებს ანტიკურ ავტორებთან დაცულ ცნობას კოლხეთის, როგორც „ოქრომრავალი“ ქვეყნის შესახებ.

ბათუმი, ჭავჭავაძის 77

(0422) 27 65 64;  577541030